რატომ არბიტრაჟი

სასამართლო არ არის მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება. ჯერ კიდევ 1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "კერძო არბიტრაჟის შესახებ", რომელიც ადგენს იმ პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავის მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებიც წერილობით შეთანხმდნენ ასეთი დავების საარბიტრაჟო წესით განხილვაზე. საარბიტრაჟო წესით დავის განხილვა იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, სურვილის შემთხვევაში, დავა შეუძლია გადაწყვიტოს სასამართლოს გარეშე, რაც ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს და გაჭიანურებული და ხანგრძლივი პროცესების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებაა.

2005 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელს შორის წარმოშობილი დავა შეიძლება განიხილოს და გადაწყვიტოს არბიტრაჟმა "კერძო არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის არბიტრაჟის, როგორც დავის განმხილველი ორგანოს როლს.

არბიტრაჟში დავის გადაწყვეტის მეთოდი მოიცავს როგორც მომრიგებლურ პროცედურებს, ასევე დავის განხილვის ჩვეულებრივ პროცესს. კერძო არბიტრაჟი მხარეებს საშუალებას აძლევს, მორიგებით დაასრულონ დავა ( მორიგება, ჩვეულებრივ, მიიღწევა თვით მხარეთა ინიციატივითა და სურვილით ).

თბილისის საარბიტრაჟო პალატის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი იძლევა სამომრიგებლო პროცედურის ჩატარების შესაძლებლობას. ეს პროცედურა განსაკუთრებით ეფექტიანად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ, როდესაც მხარეებს ჯერ კიდევ აქვთ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და ყოველ მხარეს მიაჩნია, რომ იგი უფრო მეტს დაკარგავს პარტნიორთან ურთიერთობის შეწყვეტით ( რაც ხშირად ხდება სასამართლო წესით დავების გადაწყვეტის დროს ), ვიდრე ასეთი ურთიერთობის გაგრძელებით.

ვრცლად